VPN (შემოკლებაინგლ. virtual private network — „წარმოსახვითი კერძო ქსელი“, გამოითქმის „ვი-პი-ენი“) — კომპიუტერული ქსელის მოწყობის ერთგვარი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს დახურული ქსელის წარმოსახვით გაფართოებას სხვა უცხო ან ღია ქსელის გავლით ისე, რომმიმოცვლილი მონაცემები კვლავ დარჩეს დაცული და იზოლირებული. ამ ბოლო დროს VPN უფრო ხშირად გამოიყენება იმ შუამავალი მომსახურებების სახელწოდებად, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ თავიანთ კუთვნილ კერძო ქსელთან მიერთებას და მისი გავლით ინტერნეტში გასვლას.[1]
კერძო, დახურული ქსელის მაგალითია ცალკეულ დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა თუ საავადმყოფოში არსებული კომპიუტერული ქსელი, რომელიც იზოლირებულია გარესამყაროსგან და არაა პირდაპირი გზით ჩართული გლობალურ ქსელში, ანუინტერნეტში. როდესაც დაწესებულებას გააჩნია სხვა ფილიალი შორეულ მხარეში, ქალაქებსა თუ ქვეყნებში, შეუძლებელი ხდება ამგვარი დახურული, კერძო ქსელის მოწყობა საკუთარი სადენების გაყვანით. სწორედ ასეთ შემთხვევაშია გამოსადეგი VPN, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული კავშირგაბმულობის ხაზებით (ინტერნეტის კაბელებით) სხვადასხვა ფილიალის წარმოსახვითად ერთ კერძო ქსელში მოქცევას ისე, თითქოს ყველა მოწყობილობა ერთ შენობაში იყოს ერთმანეთთან ფიზიკურად მიერთებული. ამიტომაც ეწოდება ამგვარ მოწყობას „ვირტუალური“, ანუ „წარმოსახვითი“ ქსელი.[2]
ამგვარი ქსელის გამართვის მიზანია, რომ მოწყობილობებს შეეძლოს სხვა ქსელის გავლით საიდუმლო და პირადი მონაცემების მიმოცვლა ისე, როგორც ერთ საერთო კერძო ქსელშია ხოლმე შესაძლებელი. ეს ხერხდება შუამავალ ქსელში გამჭოლი კავშირის გატარებით. ამასთანავე, ვინაიდან შუამავალი ქსელი შეიძლება სხვისი ზედამხედველობის ქვეშ იყოს ან არასანდოდ მიიჩნეოდეს, კავშირის დაშიფვრა გამოიყენება პირადი მონაცემების გაჟონვის საფრთხის ასარიდებლად.
გარდა ამისა, VPN გამოიყენება არა მხოლოდ დაუცველი ქსელის გავლით მონაცემების გატარებისთვის, არამედ შიდა ქსელის დაყოფისა და მოწყობისთვის, ანუ ერთგვარი წარმოსახვითი ნაწილების შექმნით, რომლებიც ერთმანეთისგან ფარულად და განცალკევებულად გაატარებს მონაცემებს. ამგვარი იზოლირებისთვის კავშირის არხის დაცვის ნაკლები საშუალებების მქონე ოქმებიც გამოდგება, თუნდაც VLAN (Virtual Local Area Network – წარმოსახვითი შიდა ქსელი), რომელიც განსხვავებით VPN-ისგან, ნაცვლად სხვადასხვა ფიზიკური ქსელის ერთ წარმოსახვით ქსელში მოქცევისა, უზრუნველყოფს ერთი ფიზიკური ქსელის სხვადასხვა წარმოსახვით ქსელად დანაწევრებას.[3]
კომპიუტერული ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელების კვალდაკვალ კი VPN თანდათან გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და არაერთი დამატებითი ფუნქცია შეიძინა, გარდა კერძო დაწესებულებების შიდა ქსელის გაფართოებისა. გაჩნდა მრავალიკომპანია, რომლებიც გარკვეულ საფასურად სთავაზობენ თავიანთ ქსელზე დაერთებას მომხმარებლებს იმ უპირატესობებით სარგებლობისთვის, VPN-ს რომ ახლავს თან, მათ შორის:
- ღია, საჯარო სივრცეებში დაუცველიWiFi-ქსელის გამოყენებისას მიმოცვლილი მონაცემების დაფარვის შესაძლებლობა, ვინაიდან VPN თავისი დაშიფვრის მეშვეობით იმავე ღია ქსელში ჩართულ ხალხს ან ჩასაფრებულშემტევებს საშუალებას არ მისცემს, იხილონ პირადი ინფორმაცია, მონახულებულიგვერდები,საიტზე შეყვანილი ტექსტი, პაროლები, საბანკო ბარათის ნომრები და ა. შ.
- ინტერნეტმომსახურების მომწოდებლის, დამსაქმებლის ან ქვეყნისმთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, ვინაიდან VPN ასრულებს ერთგვარი „შუამავლის“ როლს და აკრძალულ საიტებზე წვდომისას მათიმისამართის ნაცვლად მხოლოდ VPN-მომსახურების მისამართი ფიქსირდება.
- ისეთ მასალებთან თუ მომსახურებებთან წვდომა, რომლებიც მხოლოდ სხვა ქვეყნებშია ხელმისაწვდომი ან სხვა ქვეყნის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. უცხოური VPN-მომსახურების ქსელზე დაერთებისას ისე ჩანს, თითქოს მომხმარებელი უცხო ქვეყანაში იმყოფება და საშუალება ეძლევა, იხილოს ან გამოიყენოს ის რესურსები, რომლებიც მხოლოდ იმ ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
საერთო ჯამში, ამ ყველაფერს გააჩნია ზედამხედველობის არიდებისა და, აგრეთვე, პიროვნების მახასიათებლებისა თუ ჩვევების უნებართვო აღრიცხვისგან თავდაცვის ფუნქციაც, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის უცნობი რჩება, რომელ საიტებსა თუ მასალებს ინახულებს ინტერნეტის მომხმარებელი ხშირად და თავად საიტების ხელმძღვანელობისთვისაც აძნელებს გარკვევას, ესა თუ ის მომხმარებელი რომელი ქვეყნიდან შემოდის, რა სიხშირით სარგებლობს ამ მომსახურებით და სხვ. ეს კი უზრუნველყოფს ინტერნეტშიპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შედარებით მაღალ დონეს.[1]