Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ბუდიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დჰარმაჩაკრა — ბუდიზმის სიმბოლო.

ბუდიზმი (ასევედჰარმა ან ბუდადჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) —რელიგია, პრაქტიკულიფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენითფსიქოლოგია, რომელიც ემყარებაბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. წარმოიშვა ძველინდოეთის სუბკონტინენტზე, დაახ.ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთაზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად:თერავადა,მაჰაიანა დავაჯრაიანა. მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი ბუდისტია და ბუდიზმი ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება.[1][2] მიმდევართა რაოდენობით მეოთხეა მსოფლიოშიქრისტიანობის,ისლამისა დაინდუიზმის შემდეგ.[3] ბუდიზმს შემოქმედი ღმერთის ცნება არ გააჩნია, ის არცმონოთეისტურია, არცპოლითეისტური და არცპანთეისტური. ბუდიზმის თანახმად, არსებობს მრავალი ღვთაებრივი არსება, მაგრამ არცერთი არ არის სამყაროს შემოქმედი ან მარადიული.[4][5]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბუდა შაკიამუნის ცხოვრება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბუდას ქანდაკებაჰონგ-კონგში.
მთავარი სტატია: სიდჰართა გაუტამა.

სიდჰარტა გაუტამა ბუდას ბიოგრაფია თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა და მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ მისი მიმდევრების მიერ იქნა ჩაწერილი. მისი ცხოვრების ყველაზე ცნობილი ეპიზოდები თავმოყრილია კრებულში ჯატაკა, რომელიც პალიზეა შედგენილი (ერთ-ერთი უძველესი ინდური ენა)ძვ. წ. II საუკუნეში. თანამედროვე მეცნიერების მონაცემებსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხები ასეთია:

სიდჰარტა (რაც ნიშნავს: „მიზანს მიღწეული“) გაუტამაძვ. წ. 558 წელს (სხვა ვერსიით567 წ.) დაიბადა ქალაქ კაპილავასტუში, რომელიც ჰიმალაის მთის ძირში, თანამედროვენეპალის სამხრეთში მდებარეობს. მისი მამა შუდჰოდანა, გაუტამას საგვარეულოს შაკიების ცნობილი კლანის წარმომადგენელი იყო და მეფე-მეომრების უმაღლეს კასტას მიეკუთვნებოდა. ცნობილია მისი დედის სახელიც - მაიადევა („მაია“სანსკრიტზე ნიშნავს წუთისოფელს, მოჩვენებით სამყაროს). სიდჰარტას შობიდან შვიდი დღის თავზე დედა გარდაიცვალა. ჩვილის გაზრდა დეიდამ, მაჰარპრაიაპატიმ, იკისრა. იგი მეფემ ცოლად შეირთო და მან დის, მაიას, ადგილი დაიკავა.

16 ან 19 წლის ასაკში სიდჰარტა დაქორწინდაიაშოდჰარაზე, რომლისგანაც ეყოლა ვაჟიშვილირაჰულა[6]. გადმოცემის მიხედვით, ერთმა წინასწარმეტყველმა მეფე შუდჰოდანას ამცნო, რომ მისი ვაჟი ოთხ საგანს იხილავდა, რაც უფლისწულის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა - ისიც მეფე გახდებოდა, ოღონდ არა ამ ქვეყნისა. ამის გამო მამამ ვაჟიშვილი გარესამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოაქცია, ცდილობდა მემკვიდრეს არ ეხილა ცხოვრების სიმძიმე და ტრაგიზმი, არ დაენახა მათხოვრები, სნეულები, ხეიბრები და ბებრები, არ განეცადა ადამიანის სიკვდილით მოგვრილი ტკივილი. უფლისწული სასახლიდან გაუსვლელად, სრულ ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მან მალევე იგრძნო ამგვარი ყოფის ამაოება.

29 წლის გაუტამამ მსახურთან ერთად სასახლის გალავანს გადააბიჯა. გარეთ მან ოთხი „სიახლე“ იხილა, რამაც შეძრა იგი და მისი ცხოვრება შეცვალა. „ოთხი წამიერი ხილვის“ ამბავში გადმოცემულია თუ, მამის მცდელობის მიუხედავად, დაეცვა შვილი გარესამყაროსაგან, როგორ შეიტყო სიდჰარტამ, რომ ადამიანთა ცხოვრება ტანჯვითაა აღსავსე. მან ნახა სიბერე (დაუძლურებული მოხუცი), ავადმყოფობა (დასნეულებული ადამიანი), სიკვდილი (მკვდარი სხეული) და ბოლოს სრული სიმშვიდე (მოხეტიალე თავგადაპარსული გლახაკი ბერისა). ნანახისა და განცდილის სიმძაფრემ გაუტამას საბოლოოდ გადააწყვეტინა განდგომისა და შინაგანი სრულყოფის გზაზე სიარული.

უფლისწულმა დატოვა სახლი და შეუდგა „დიად გზას“ ხსნის საძებნელად. პირველად იგი შეუერთდაინდუისტ ასკეტ ბერებს, იმ იმედით, რომ სხეულის დათრგუნვა სიმშვიდეს მოუტანდა და ტანჯვას დააძლევინებდა. ექვსწლიანი უკიდურესად ასკეტური ცხოვრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწია. გაუტამამ „ოქროს შუალედის“, ანუ „შუა გზის“ პრინციპი ჩამოაყალიბა. მან უარი თქვა როგორც სრულ ასკეტიზმზე, ასევე „მიშვებულ“ ცხოვრებაზე და ღრმა მედიტაციას მიეცა.

ერთხელ სიდჰარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა იყო, მდინარე საიას ნაპირას, აშვატჰას (ლეღვის) ხის ძირას დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ადგილს არ მოიცვლიდა, სანამ განსხივოსნებას არ მიაღწევდა. ორმოცდამეცხრე დღეს ოთხი ჭეშმარიტება გამოეცხადა და ამის შემდეგ დაერქვა ბუდჰა, რაც: „გასხივოსნებულს“, „გამოღვიძებულს“ ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვეშაც ის იჯდა, ეწოდა ბოდჰი (სიბრძნის ხე). ბუდას პირველი ზრახვა იყო ხალხისათვის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის დემონი, მარა, შეუჩნდა მას და ოთხი თუ შვიდი კვირის განმავლობაში ცდილობდა აეძულებინა იგი (ბუდა), ამ მისიაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში, ცდუნება და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა[7].

ბუდამ პირველი ქადაგება ბენარესის მახლობლად, ცხოველთა ბაღში წარმოთქვა. გადმოცემის თანახმად, მისი პირველი მსმენელები ხუთი ადამიანი და ორიირემი იყვნენ. ქადაგება ასე დაიწყო: „ბჭენი ხსნისა დაე, გაცხადდეს ყველასათვის! ადამიანებო, განიხვენით ყურნი თქვენი და მისმინეთ მე: გზა ხსნისა ნაპოვნია! მე გმოძღვრავთ თქვენ და, თუ ჩემი სწავლის თანახმად იცხოვრებთ, მიიღებთ იმას, რისი გულისთვისაც კეთილშობილნი ჭაბუკნი ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად. თქვენ იხილავთ ჭეშმარიტებას“. ამის შემდეგ, მომდევნო 45 წლის განმავლობაში, ბუდამ თითქმის მთელი ინდოეთი მოიარა, მრავალი მიმდევარი შეიძინა, დააარსა ბუდისტთა საკრებულოები და მამათა მონასტრები. ბუდა ღრმად მოხუცებული, 80 თუ 85 წლისა, გარდაიცვალა. ბუდას მოძღვრება მისმა მოწაფეებმა მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში გაავრცელეს.

გავრცელება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბუდიზმის გავრცელების რუკა.

ბუდას მისია მისმა მოწაფეებმა გააღრმავეს. ისინი, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწეობდნენ, რის შედეგადაცნეპალის,ტიბეტის,ვიეტნამის,ჩინეთის,კორეის,იაპონიის,შრი-ლანკის,მიანმარის,ტაილანდის,ლაოსისა დაკამბოჯის დიდი ნაწილი ბუდას მოძღვრებას ეზიარა.

იმის გამო, რომ ბუდიზმში დოგმათა და წეს-განგებათა სისტემა არ არსებობს, ეს რელიგია მრავალ მიმდინარეობად და ტრადიციად დაიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ადგილობრივ (დამხვდურ) რელიგიებთან და კულტურებთან ბუდიზმის შემგუებლობას. აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ბუდიზმის შემდეგი ფორმები: ძენი (ჩინეთი), ჩანი (იაპონია), ამიტაბჰა (სამხრეთაღმოსავლეთი აზია), ვარაიანა (ტიბეტი, ბუტანი, ნეპალი, მონღოლეთი). ბუდიზმის ელემენტებმა სხვა რელიგიურ სისტემებშიც შეაღწიეს და მათ წიაღში ახალ ტრადიციებს დაუდეს სათავე, ესენია: ბიონი, შინტო, შინბესტუ, შიუგო და სხვ.

მთავარი იდეალის, ნირვანას შესახებ კამათის შედეგადა.წ. III საუკუნეში ბუდისტები ორ ნაწილად გაიყვნენ და ორი მიმართულება წარმოიშვა:

  • მაჰაიანა, ანუ „ხსნის ფართო გზა“ - „დიდი ეტლი“
  • თერავადა, ანუ „ხსნის ვიწრო გზა“ - „პატარა ეტლი“.

პირველი მიმართულება უფრო ნეპალსა და ჩრდილოეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მეორე - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეტი მიმდევარი მაჰაიანას ჰყავს (60%). ისინი თვლიან, რომ ნირვანაში შესვლა, პოტენციურად, ყველასთვისაა შესაძლებელი. მათ შორის არიან გასხივოსნებული ადამიანები - ბოდჰისატვები, რომლებიც ნებაყოფლობით გადადებენ ნირვანაში შესვლას, რათა სხვებს ტანჯვის შემსუბუქებაში, კარმის გაუმჯობესებასა და სამსარისაგან თავის დაღწევაში დაეხმარონ. თერავადას მიმდევრები ამბობენ, რომ ნირვანას მხოლოდ რჩეულები მიაღწევენ და ისინი მეტწილად ბერები არიან, რომლებიც მკაცრი ასკეტიზმით გამოირჩევიან.

ბუდიზმის ქადაგება ჩინეთში ადრიდანვე დაიწყო, მაგრამ ამ მისიამ წარმატებასVI საუკუნეში მიაღწია, როდესაც იქ ინდოელი ბერი ბოდჰიდრამა ჩავიდა. ბუდისტებს სწამთ, რომ ის ბუდას ინკარნაცია იყო. ახალ წელს, როდესაც იგი კედლის წინ მედიტაციის წესს ასრულებდა, მისი ფეხები გახმა და სული ნირვანაში შევიდა. ამ ქვეყანაში ბუდიზმის ის სახეობა ჩამოყალიბდა, რომელიც ძენის სახელითაა ცნობილი („ძენი“ მედიტაციას, ლოცვას ნიშნავს). მისი დამაარსებელია ჰუინენგი (673-713), რომლის მოძღვრებაXII-XIII საუკუნეებში გადაამუშავეს იაპონელმა ბერებმა აიზიამ და დოგენმა. ასე შეიქმნა ჩანი, ანუ ჩინური ძენის იაპონური ვარიანტი. ძენ-ჩანისათვის დამახასიათებელია ხაზგასმა „საკუთარი ბუნების ხილვასა და შეცნობაზე“ და ჩინურ-იაპონურ ხალხურ რელიგიებთან სინთეზი. მთავარი კითხვა, რომელსაც ძენჩანის მიმდევრები საკუთარი თავის წინაშე სვამენ, ასეთია: „რა იყო შენი ჭეშმარიტი სახე, ვიდრე შენ დედა და მამა გაგაჩენდნენ?“.

გვიან შუა საუკუნეებში ბუდიზმის ყველაზე მძლავრი კერა ტიბეტში ჩამოყალიბდა. მოძღვარმა ტონგჯაჰიმ იქXIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. ყვითელქუდიანთა სკოლა დააარსა, რომელიც მკაცრი დისციპლინით და ჰუმანური პრინციპების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. მათ, ყვითელქუდიანებმა, შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის უმაღლესი ხელისუფალი დალაი ლამა გახდა. ამის გამო ტიბეტურ ბუდიზმს ლამაიზმს უწოდებენ. სიტყვა მონღოლურია და ნიშნავს: ოკეანის დარი მოძღვარი („დალაი“ - ოკეანე, „ლამა“ - მოძღვარი). ეს ტიტული, რომელიც ბუდისტთა პირველ მოძღვარსა და მსოფლიო ავტორიტეტს ნიშნავს, მონღოლთა მთავარმა ალთან ქანმა1578 წელს დააწესა და ამ პატივით პირველად ტიბეტელი ლამა სონამ გიტსო მოიხსენია. ლამაიზმიXVII-XVIII საუკუნეებში რუსეთშიც, ძირითადად,ყალმუხებს,ბურიატებსა დატუველებს შორის გავრცელდა.

არსებობს დალაი ლამას გამორჩევის რწმენა და წესი. ეს ადამიანებიბოდჰისატვები არიან და, ამავე დროს, მეორე პირველის რეინკარნაციას წარმოადგენს. მათი არსება ერთია, რომელიც წუთისოფელში სხვადასხვა ადამიანის (ნირმანაკაიას) სახით შემოდის. მათი საერთო სახელი არის „თანაგრძნობის ბოდჰისატვა“. გარდაცვლილი დალაი ლამას ინკარნაციის (ხელახალი განსხეულების) მოძიების, აღმოჩენისა და მოხმობის პროცესს ტიბეტურად ტულკუ ეწოდება. მას ბერების საგანგებო კომისია წარმართავს. დადიან ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია, ეძებენ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული ნიშნები აქვთ (მშობლების უჩვეულო სიზმარი, უჩვეულო უნარი, ცისარტყელა). ასეთ ბავშვებს ერთად შეკრებენ და რამდენიმე დავალებას მისცემენ, რათა გაარკვიონ, მათგან რომელია ხელახლა დაბადებული დალაი ლამა. მთავარი დავალება რამდენიმე რიტუალურ საგანს შორის გარდაცვლილი დალაი ლამას პირადი საგნის ამოცნობაა. ბავშვი, რომელიც ამ გამოცდას ჩააბარებს, ოფიციალურად და საზეიმოდ წინამავალი დალაი ლამას რეინკარნაციად გამოცხადდება. მას მონასტერში გადაიყვანენ და მის აღზრდა-განათლებას შეუდგებიან. სანამ ის სრულწლოვანი გახდება, სახელმწიფოს რეგენტი მართავს.

ამჟამინდელი დალაი ლამა, რომლის სახელია ტენზინ გიაცო, მე-14 ასეთი ლამაა.1959 წელს, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები ტიბეტში შევიდნენ და იქ კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, იგი ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნების უფლება დღემდე ვერ მოიპოვა.

მოძღვრება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ტრადიციულიტიბეტური მხატვრობა (თანგკა), გამოსახულიაბჰავაჩაკრა დასამსარას სამეფოები.

ბუდას მოძღვრების საერთო სახელია დჰამასაკატავატანასუტა, ანუ, მარტივად, დჰამას ბორბალი. ითვლება, რომ ეს ბორბალი ბენარესში ამოქმედდა, როდესაც ბუდამ პირველი ქადაგება წარმოთქვა. ეს და სხვა ქადაგებები რამდენიმე წლის შემდეგ, ბუდას გარდაცვალებამდე, ჩაიწერეს, რითაც ბუდას მოძღვრების წიგნის ფორმით გადმოცემას ჩაეყარა საფუძველი.

ბუდას მოძღვრება არ იცნობს ყოვლისშემძლე და ყოვლისშემოქმედ ღმერთს და არც მსოფლიო სულს. მისთვის უცხოა როგორცმონოთეიზმი, ისეპოლითეიზმი. ამის მიუხედავად, ბუდიზმში ბევრი ღვთაებრივი არსებაა, როგორიცაადევაები,ასურები დაიაკშები. ისინი სხვა სამყაროებში ცხოვრობენ და გააჩნიათ ზებუნებრივი ძალები, მაგრამ არ არიან ყოვლისშემძლეები და არც უკვდავები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. ამიტომაც ისინი ხშირად ტრადიციული გაგებით ღმერთებად არ ითვლებიან[8].

ბუდიზმის ანთროპოსოფია, ნატურ-რელიგია და მისტიკა, ძირითადად,ძველ ვედურ რელიგიას[9] ეფუძნება, მაგრამ უარყოფილია როგორცტრიმურტი, ისე ღვთაებათა კულტი დაკასტათა (ვარნათა) სისტემა, შენარჩუნებულია რწმენამეტემფსიქოზის,რეინკარნაციის,კარმის,სამსარისა დადჰარმისა. ამდენად, ბუდას მოძღვრება არ არის თეოლოგია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ესაა მოძღვრება მორალის, მედიტაციისა და ჭეშმარიტების შესახებ. ავტორმა იგი არა ღვთაებრივი გამოცხადების, არამედ მედიტაციის მეშვეობით შეითვისა. მისი გასხივოსნება საკუთარი სულის აქტივობის საფუძველზე მოხდა.

ბუდას მოძღვრების — ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება[10]:

  1. ყველაფერი ტანჯვაა წუთისოფელში. მთელი სიცოცხლე გადის მორალურ, სულიერ ან ფიზიკურ ტანჯვაში. დაბადება არის ტანჯვა, სნეულება არის ტანჯვა, სიყვარული არის ტანჯვა, სიყვარულის საგანთან განშორება არის ტანჯვა, სიყვარულის ვერმიხვდომა არის ტანჯვა, სიბერე, სიკვდილი არის ტანჯვა.
  2. არსებობს ტანჯვის მიზეზი, ეს არის წყურვილი ყოფნისა, არსებობისა, სიცოცხლისა, რასაც ადამიანი მიჰყავს დაბადებიდან დაბადებისკენ. ტანჯვას იწვევს სურვილები, ვნებები, სწრაფვანი სურვილთა დასაკმაყოფილებლად და სხვ.
  3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
  4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება[11]:

  1. მართალი სარწმუნოება ანუ, რწმენა, რომ სიცოცხლე ტანჯვაა.
  2. მართალი განზრახვა, რათა მოვიქცეთ ამ ოთხი ჭეშმარიტების შესაბამისად.
  3. მართალი სიტყვა, ანუ მართალი განზრახვის გამოხატვა მართალი სიტყვით.
  4. მართალი საქმე, ანუ მართალი ქცევა, როგორც მართალი სიტყვის რეალიზაცია, რათა ერთი იყოს სიტყვა და საქმე იმ ოთხი ჭეშმარიტების შესატყვისად.
  5. მართალი ცხოვრება: არავის ავნო, არ მიაყენო ზიანი ცოცხალ არსებას.
  6. მართალი სწრაფვა: მისწრაფებანი, ტენდენციები იმ ოთხი ჭეშმარიტების კვალდაკვალ.
  7. მართალი მეხსიერება: ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ კიდევ რა რჩება გაუკეთებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
  8. მართალი თვითდაუნჯება: მეხსიერებაში, ხსოვნაში აღარ უნდა ინახებოდეს მიწიერი ცხოვრების შთაბეჭდილებები, რადგან მიწიერი ცხოვრება ილუზიაა.

ტანჯვათა მოსპობის გზა მოიცავს ხუთ მცნებას[12]:

  1. არ მოკლა არც ერთი კაცი, არც ერთი ცხოველი, არც ერთი ცოცხალი არსება.
  2. არ მოიპარო, არ მიითვისო, რაც შენ არ გეკუთვნის.
  3. არ იმრუშო.
  4. არ იცრუო და ცილი არ დასწამო სხვას.
  5. თავი აარიდე ალკოჰოლსა და ნარკოტიკს.
ბუდისტური ტაძარი.

ბუდისტების რელიგიური იდეალი არისნირვანა. ესაა სრული სიმშვიდე: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ - თავისებური ყოფნა, უფრო - ზეყოფნა, როცა ყოველი შეგრძნება ნულოვან წერტილშია მოქცეული.

მოკვდავთაგან პირველი, ვინც ნირვანას მიაღწია, იყო ბუდა, რომელიც ისე არ მომკვდარა, როგორც მოკვდავნი კვდებიან. არსებობს ძველი გადმოცემა, რომელიც გვაუწყებს, რომ თავისი მომავალი რეინკარნაციის წრებრუნვიდან გასვლის შესახებ ბუდამ თვითონვე იწინასწარმეტყველა. როდესაც იგი დაიბადა, შვიდი ნაბიჯი გადადგა და წარმოთქვა: „მე მსოფლიოს თავი ვარ, ეს ჩემი უკანასკნელი დაბადებაა. ამიერიდან მეტი არსებობა მე აღარ მომეცემა“. და მართლაც, ბუდისტებს სწამთ, რომ ორმოცი წლის ხეტიალისა და ჭეშმარიტებათა ქადაგების შემდეგ, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში, ბუდა ნირვანაში წავიდა, რასაც ისინი ასე სახელდებენ: მაჰაპარინირვანა („დიდი გადასვლა ნირვანაში“). გადმოცემით, ბუდას უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ახლა კი, ბერებო, მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ყოველი ქმნილება დასაღუპად არის განწირული. მთელი ძალით ესწრაფეთ ხსნას“.

ხსნა სწორედ ნირვანაშია. იქ წყვეტს მოქმედებას კარმისა და სამსარას კანონი. ამ სფეროში ბუდისტების რწმენა ვედურ ტრადიციას ეფუძნება, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რას აკეთებდა პიროვნება მოცემულ ცხოვრებაში, განისაზღვრება მომავალი. ზნეობრივი ცხოვრების ხარისხი განაპირობებს ხელახალი დაბადების სახეს. ჩვენ, წინარე ცხოვრებაში მოპოვებული მადლის კვალდაკვალ, შეიძლება დავიბადოთ მცენარედ, ცხოველად, ასეთ ან ისეთ ადამიანად. იდეალი კი დაბადება-სიკვდილთა ციკლიდან გასვლა და ნირვანას მიღწევა, ე.ი. ბუდად გარდასახვაა.

ბუდიზმი პასუხს არ სცემს კითხვას, თუ როგორ წარმოიშვასამყარო. ყველაფერი, რაც არსებობს, მუდამ არსებობდა, ყველაფერი მუდმივ ცვალებადობაშია. სამყარო მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ ბუდისტები არ სვამენ კითხვას, როდის და როგორ წარმოიშვა სამყარო. ერთადერთი რეალური, ჭეშმარიტი არსებობა აქვს ნირვანას, რისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი. ამისათვის, პირველ რიგში, კარმის გაუმჯობესებაა საჭირო, რათა წუთისოფელს მომავალში უფრო და უფრო მაღალი რეგისტრის არსებად მოევლინო, დაძლიო სამსარა და ნირვანას ეზიარო. ნირვანას გზა სიმშვიდისა და ნეტარების მდგომარეობას გულისხმობს. ბუდა ამბობს: „მწუხარების სამეფოში ნირვანა არ არსებობს, ნირვანა მწუხარების უარყოფაა. მე, სიდჰარტა გაუტამა, ზნეობის თვითგაუმჯობესებას ვწირავ ჩემს თავს, რათა უმაღლეს ზნეობრივ სიმშვიდეს, ნირვანას მივაღწიო“.

ბუდიზმი კატეგორიულად უარყოფს ბოროტების წინააღმდეგ ძალისმიერ ბრძოლას და უმაღლეს ზნეობრივ პრინციპად მტრის სიყვარულს მიიჩნევს. ბუდა ამბობს: „ვაი მას, ვინც ძალადობას ძალადობით ებრძვის!... მტრობა არასდროს მოსპობილა მტრობით. ნუ გძულს, ვისაც ეზიზღები. მოიკალი გულში მტრობის გრძნობა... განრისხება სიკეთით დაამარცხე, ბოროტება - სიქველით“. ასევე: „მან გამლანძღა, მან მტანჯა!... ვინც ასე გოდებს, მტრობის გრძნობა დაიხშოს გულში, რადგან მტრობა მტრობითვე ვერ მოისპობა. მისი დაძლევა არამტრობით თუ მოხერხდება. ამგვარი წესია უკუნისიდან“. თუ რა გზით შეიძლება წუთისოფლის დაძლევა, ამაზე პასუხს ერთ ბუდისტურ იგავში ვპოულობთ: ახალგაზრდა და მდიდარ ქალს, კასაგოტამის, მოულოდნელად მხოლოდშობილი ძე გარდაეცვალა. დედამ ფიქრადაც არ გაიკარა ჩვილის სიკვდილი. მკერდზე მიიკონა იგი და კარდაკარ სიარულს შეუდგა: ავადაა ბავშვი და წამალი შემაწიეთო. - მხოლოდ ბუდა თუ გიშველისო... კარგიო, - უთხრა ბუდამ, მხოლოდ მდოგვის მარცვალი მომიტანე იმ ოჯახიდან, სადაც არავინ მომკვდარა. კასაგოტამი დავალების შესრულებას შეუდგა, მაგრამ ამაოდ, რადგან ყველა ოჯახს ჰყავდა მკვდარი: ზოგი შვილს მისტიროდა, ზოგი - დედ-მამას, ზოგი - მეგობარს. პასუხიც ასეთი იყო: ცოცხლები ცოტანი არიან, მკვდრები ბევრიო. მაშინ განათდა მშობლის გონება და მან მოიწმინდა ცრემლი, რადგან დარწმუნდა, რომ მისი ვაჟი მოკვდა. გოდება ამის გამო უქმი იყო, მწუხარება - უგუნურება. ბუდამაც უთხრა: უგუნურებაა გიყვარდეს ის, რაც წარმავალია, რაც ჩვენს ხელთ არ არის და, რაც საპნის ბუშტივით იკარგება.

ცხოვრების წესი და მსახურება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
სხვადასხვა ტრადიციის ბუდისტები ერთად.

ბუდისტი მლოცველის საბოლოო მიზანი გასხივოსნება, ანუ სატარის მიღწევაა, რისთვისაცმედიტაციას მიმართავენ. ამ დროს ისინი, მეტწილად, ლოტოსის ფორმას იღებენ: ფეხებს გადაიჯვარედინებენ, დასხდებიან და სიჩუმეში ჩაიძირებიან. ბუდისტები გაერთიანებული არიან სანგებში (მორწმუნეთა თემი). არსებობს საკრებულო ტაძრებიც და მონასტრებიც. ფართოდაა გავრცელებული ბერობის ის სახე, რომელსაც მწირ-მონაზვნობა ჰქვია. იგულისხმება, რომ ბერებმა ამქვეყნიური ცდუნებანი დაამარცხეს, ისინი არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ მცნებებს იცავენ, არამედ უფრო ღრმა ასკეტიზმსაც, როგორიცაა:

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით, ბუდა ექსტრემისტულ (უკიდურეს) ასკეტიზმს ეწინააღმდეგებოდა. მან, ერთხელ თურმე ბრაჰმანების მაგალითით შთაგონებულმა, ისე იმარხულა, რომ ნეკნები ამოუვარდა და ვეღარ აზროვნებდა. ამის გამო დარწმუნდა, რომ ასეთი მძაფრი მარხვა ის გზა არაა, რომელიც გასხივოსნებამდე მიგიყვანს. ბუდისტები, ჩვეულებრივ, მათი პირველი მცნების შესაბამისად ვეგეტარიანელები არიან. დღესასწაულები, ძირითადად, ბუდას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს უკავშირდება. მრავალრიცხოვანისაპილიგრიმო მსვლელობები იმართება იქ, სადაც ბუდას ფეხი დაუდგამს და კვალი დაუტოვებია. ესენია: კაპილავასტუ - ბუდას მშობლიური ქალაქი, ბოდჰიგია, სადაც ის გასხივოსნდა, ბენარესი, სადაც მან პირველად იქადაგა და კუსანარა, სადაც გარდაიცვალა. ტაძრებში ბუდას უზარმაზარი ქანდაკებები დგას, რომელთა ფეხის მტევნებთან მლოცველები განირთხმებიან და ტკბილ ჩაის შესწირავენ. იქვეა ლოცვის წისქვილები, რომელთა დახმარებით მლოცველებს შეუძლიათ გაიგონ, რამდენი მანტრა წარმოთქვეს.ბუდიზმს სხვა სტილის აზროვნებისა და რწმენათა სისტემის მიმართ ტოლერანტობის მაღალი კულტურა ახასიათებს. ამ ნიშნითმაურიების იმპერია გამოირჩეოდა. მისი დამაარსებელიაშოკა, ბევრი დაპყრობითი ომისა და სისასტიკის გამოჩენის შემდეგ ბუდას მოძღვრებას ეზიარა და დაიწყო ზრუნვა, რათა ქვეყანაში ომის ყიჟინა დჰარმის სადიდებელ ჰანგებს შეეცვალა. იმის მიუხედავად, რომ იგი ღრმად მორწმუნე ბუდისტი გახდა და სიცოცხლე ამ რელიგიის ინდოეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას მიუძღვნა, სხვა რელიგიების განვითარებასაც უწყობდა ხელს. ცნობილია მისი ქვაზე ამოტვიფრული ედიქტი, რომელშიც ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„იმპერატორი პატივს სცემს ყველა თემის წევრსა თუ ასკეტს. აღავსებს მათ საჩუქრებითა და პატივით. მაგრამ მისთვის თემებზე მუდმივი ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქრები და პატივი. ყოველი თემი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აქვთ საერთო საფუძველი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს. უჯეროა მხოლოდ საკუთარი თემის პატივგება ან უპირობოდ სხვისი თემის შებღალვა. ვინც პატივს სცემს თავის თემს, ხოლო სხვებს საკუთარი თემის ერთგულებისა თუ თავისი თავის განდიდების ჟინით შეურაცხყოფს, უდიდეს ზიანს აყენებს საკუთარ თემს. თანხმობა იარსებებს მაშინ, როდესაც ერთმანეთს მოუსმენენ და პატივს მიაგებენ ერთმანეთის მოძღვრებებს. მეფეს სურს, რომ ყველა თემის წევრი საფუძვლიანად ერკვეოდეს თავის რწმენაში და ქადაგებდეს წესრიგს.“

ბუდიზმის მიმდინარეობები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ბუდიზმის სკოლები.

თერავადა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბუდისტი ბერი.

თერავადა ბუდიზმის ორთოდოქსულ მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადრეული ბუდიზმის დოგმატიკასთან, თუმცა ამ მიმართულების სწავლებაც იცვლებოდა და ღრმავდებოდა დროთა განმავლობაში. მას ზოგჯერ სამხრეთულ ბუდიზმზსაც უწოდებენ (გავრცელებულიაშრი-ლანკაში,მიანმარში,ტაილანდში და სხვ.). თერავადას სწავლების მიხედვით, ბუდამ ამ სამყაროში გასხივოსნებას სხვადასხვა დროს განხორციელებული ხუთასზე მეტი რეინკარნაციის შემდეგ მიაღწია. იგი მეოთხე ბუდად ითვლება მიმდინარე (ამჟამინდელ) სანსარაში. მის გარდა, კიდევ 20 ბუდა არსებობდა წინა სანსარებში. ბუდა მაშინ ევლინება სამყაროს, როდესაც კაცობრიობა სულიერ-ზნეობრივ უფსკრულს უახლოვდება. მათი ფუნქციაა კაცობრიობას სიბნელიდან და ცდომილებიდან ამოსასვლელი გზა მიუთითონ. შორეულ მომავალში, როდესაც სამყარო დაივიწყებს დჰარმას, გამოჩნდება ახალი ბუდა, სახელადმაიტრეა, რომლის სწავლებები გაუტამა ბუდას სწავლებების მსგავსი იქნება.[13] იგი უკანასკნელი ბუდა იქნება მიმდინარე სანსარაში. თერავადას სწავლებით, დანარჩენ ადამიანებს შეუძლიათ ნირვანის მიღწევა, მაგრამ ყველას არ ძალუძს გახდეს ბუდა. ნირვანაში გადასულ ადამიანებს არჰატებს უწოდებენ. არჰატობა მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, ვინც სრულიად შეაქცია ზურგი მიჯაჭვულობას, სიძულვილსა და არასწორ ხედვას სამყაროზე[14].

მაჰაიანა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მაჰაიანას სხვაგვარად ბუდიზმის ჩრდილოეთ სკოლასაც უწოდებენ (გავრცელებულიატიბეტში,მონღოლეთში,ჩინეთში,კორეასა დაიაპონიაში). თერავადასგან განსხვავებით მაჰაიანა სულის ხსნის/განთავისუფლების უნივერსალურ ხასიათზე მიუთითებს. ბუდას მდგომარეობის მიღწევა ყველა ადამიანს შეუძლია, რამდენადაც თითოეულ ადამიანში დაბადებიდანვე ჩადებულია ბუდას პოტენცია. მაჰაიანასთვის სულიერი ხსნა მიიღწევა არა მხოლოდ განდეგილობაში, არამედ ერში ცხოვრების პირობებშიც. მაჰიანაში აგრეთვე აქცენტი კეთდება სამქადაგებლო საქმიანობაზე, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაზე. მაჰაიანას სწავლება უფრო მეტად ადამიანის ინტუიციისკენ არის მიმართული, ვიდრე გონებისკენ. ეს მიმდინარეობა ბუდისტური სწავლების იმგვარი განმარტებისკენ მიისწრაფვის, რომ შესაძლებელი იყოს განსხვავებული ინტელექტუალური ყაიდისა და სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ადამიანის მოზიდვა. მაჰაიანას მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ბუდები ერთგვარი კოსმიური ცნობიერების მატერიალიზაციის (განსხეულების) შედეგად იბადებიან. ისინი მისტიური ბუდები არიან, რომლებიც მარადიულად არსებობენ დროისა და სივრცის მიუხედავად. ეს მსოფლიო ბუდა ყოველივეს განჭოლავს და ყოველ ადამიანში არსებობს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ამ კოსმიური ცნობიერების საკუთარ თავში გამოვლენა და გასხივოსნების მიღწევა. მაჰაიანაში ბუდების რიცხვი ძალიან ბევრია. ბუდიზმის ამ მიმდინარეობის ზოგიერთ მონასტერში 1000-მდე ბუდის გამოსახულებაა.

ვაჯრაიანა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ვაჯრაიანას მიმდინარეობის სწავლების თანახმად, ბუდას მდგომარეობის მიღწევა რეინკარნაციათა ხანგრძლივი ჯაჭვის გარეშეც შესაძლებელია. ვაჯრაიანას სწავლებით, ეს მიღწევადია მაგიისა და იოგის ვარჯიშების საშუალებით გურუს ხელმძღვანელობით. გარდა მედიტაციისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იდამის ჭვრეტას, მანტრების კითხვას და სხვა მაგიური წესების აღსრულებას (მათ შორის ეროტიკული ხასიათისაც). ვაჯრაიანასთვის დამახასიათებელია მისტიკური სწავლება, რომელიც ადამიანსა და სამყაროს ერთმანეთთან აიგივებს. ყველა გარეგნული პროცესი და მოვლენა დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან და მის ფსიქიკასთან. ამიტომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ცვლის, ის ამით სამყაროსაც ცვლის.

ბუდისტური ტექსტები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბუდას ქანდაკება,ტოკიოს ეროვნული მუზეუმიდან, თარიღდება I-II საუკუნით.

ქრისტეს მსგავსად არც ბუდას დაუტოვებია ჩვენთვის რაიმე წერილობითი წყარო, თუმცაძნელია იმის დაშვება, რომ იგი უწიგნური ყოფილიყო. იგი ასწავლიდა ზეპირი სიტყვით დაამგვარადვე გადაიცემოდა მისი სიტყვა ხალხშიც. მაგრამ ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისიმოწაფეების წინაშე მოძღვრების დადგენის საჭიროება გაჩნდა. სწორედ ამ მიზნით იქნამოწვეული პირველი ბუდისტური კრება. ძვ.წ. დაახლოებით 480 წელს გამოქვაბულში ქალაქრაჯაგრიჰას მახლობლად შეიკრიბნენ ბუდას უშუალო მოწაფეები. ითვლება, რომ ამ კრებაზე,რომელსაცკაშიაპა ხელმძღვანელობდა,ანანდას, ბუდას უსაყვარლესი მოწაფის, დახმარებითდადგინდასუტა-პიტაკასა დააბჰიდჰამა-პიტაკას ტექსტები. მაგრამ მოძღვრება კვლავ ზეპირიგადმოცემით ვრცელდებოდა და საბოლოოდ ბუდისტური კანონი მხოლოდ IVბუდისტურკრებაზე ჩაიწერა, კუნძულშრი-ლანკაზე. კრების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია.პირველი ბუდისტური ტრადიცია მას ძვ.წ.29 წელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე დიდიბუდისტური მიმართულება,მაჰაიანაI საუკუნეს. უცნობია იყო თუ არა იქამდებუდისტური კანონი სრულად ან ნაწილობრივ დაფიქსირებული წერილობითი სახით,ერთადერთი უძველესი წყარო, რომელიც გაგვაჩნია არის შრი-ლანკაზე ჩაწერილი ტექსტი. მასტრიპიტაკა ეწოდება.თერავადას ბერებმა ისპალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტიპალიზე(ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაცმოიხსენიებენ. სიტყვასიტყვით ტიპიტაკა ნიშნავს სამ კალათს და შეესაბამება ტექსტისდაყოფას სამ ძირითად ნაწილად:

  • ვინაია-პიტაკა, რომელშიც შესულია მითითებები ბერებისა და მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების მომაწესრიგებელი ნორმები და სხვა.
  • სუტა-პიტაკა გადმოგვცემს ბუდისტურ მოძღვრებას საერთოდ, ხოლო
  • აბჰიდჰამა-პიტაკა ამ მოძღვრების ფილოსოფიურ დამუშავებას წარმოადგენს.

სუტა-პიტაკაში დამატების სახით ასევე შესულია ორი კრებული:დჰამაპადა — აფორიზმებისა და ბრძნული გამონათქვამების შემცველი ტექსტი დაჯატაკა - მონათხრობები ბუდას წარსული დაბადებების შესახებ.

ითვლება, რომ გასხივოსნებასთან ერთად ბუდამ მიიღო ჭეშმარიტი ცოდნა და შეიცნოსამყარო წარსულსა, აწმყოსა და მომავალში. შესაბამისად, მან შეიძინა ცოდნა თავისი წარსული და სხვათა წარსული თუ მომავალი დაბადებების შესახებ. მოწაფეებთან საუბრისდროს იგი ხშირად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს წარსული დაბადებებიდან და მათმაგალითზე ხსნიდა ეთიკურ ნორმებს ან რაიმე სხვა საკითხებს. ორივე ეს კრებული, დჰამაპადა და ჯატაკა, ბუდისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნებსწარმოადგენენ. ხოლო სუტა-პიტაკას ძირითად ნაწილში გადმოცემულია ბუდისტურიმოძღვრების ბირთვი: ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და რვასაფეხურიანი გზა.

ტრიპიტაკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
XI საუკუნის კორეული ტრიპიტაკა.

ტრიპიტაკა ბუდისტური სწავლების ძირითადი დებულებები გადმოცემულია ე. წ. კანონიკურ ლიტერატურაში. მათში დაფიქსირებულია თავად ბუდას ქადაგებები და გამოცხადებები, რომელიც შემდგომში მისი მოწაფეების მიერ ჩაიწერა. მასშივეა განთავსებული ბუდისტური დოგმების, წესჩვეულებებისა და მორალური პრინციპების ახსნა-განმარტებები. ეს ლიტერატურა ცნობილია სახელწოდებით „ტრიპიტაკა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სამმაგ კალათას“, უფრო ხშირად კი ითარგმნება როგორც „კანონთა სამი კალათა“. გადმოცემის მიხედვით, ბუდას გარდაცვალების შემდეგ, მისი მიმდევარი ბერები ერთად შეიკრიბნენ და ბუდას უახლოესი მოწაფეების მოწმობები მოისმინეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ბუდას სწავლების ძირითადი პრინციპები. ერთმა ბუდას მიერ გამოთქმული ის პრინციპები გადმოსცა, რომლებიც ბერთა ცხოვრების წესგანგებას ეხება. მეორემ საკუთრივ რელიგიური მოძღვრება, რომელიც ბუდას მიერ საუბრებისა და იგავების ფორმით იყო გადმოცემული. მესამემ კი მასწავლებლის ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობები გაიხსენა. სწორედ ამ მიზეზით დაიყო მისი სწავლება სამ ნაწილად:

  1. „კალათა წესდებისა“, რომელშიც ჩაწერილია დისციპლინარული წესები ბერებისთვის.
  2. „კალათა სწავლა-მოძღვრებისა“, რომელშიც ჩაწერილია ბუდას ქადაგებები და გამონათქვამები.
  3. „კალათა კომენტარებისა“, რომელიც შეიცავს ახსნა-განმარტებებს ბუდისტური ფილოსოფიური დებულებებისა და ზოგადად დოქტრინისა.

ტრიპიტაკაში შემავალი სწავლება საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა ფორმირებას, სანამ იგი საბოლოო სახით ჩამოყალიბდებოდა. იგი თავდაპირველად ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ეს სწავლება პირველად ჩაწერილ იქნა პალის ენაზეძვ. წ. I საუკუნეში ცეილონის კუნძულზე (შრი-ლანკა). მოგვიანებით კი სხვადასხვა ბუდისტურმა სკოლამ და მიმდინარეობამ ტრიპიტაკის ბევრი ადგილი შეცვალა და გადააკეთა. ამიტომ1871 წელს მანდალაში (ბირმა) მოიწვიეს საერთო ბუდისტური კრება, სადაც 2,400-მა ბუდისტმა ბერმა სხვადასხვა ხელნაწერისა და თარგმანის შეჯერებით ერთიანი, უნიფიცირებული ტრიპიტაკის ტექსტი ჩამოაყალიბა. ეს ტექსტი ამოკვეთეს 729 მარმარილოს ფილაზე, რომელთაგან თითოეული მოათავსეს ცალკეულ მინიატურულ ტაძარში. ამრიგად შეიქმნა პატარა ქალაქ-ბიბლიოთეკა სახელწოდებით კუტოდო. მას შემდეგ ეს ქალაქი ბუდისტების სათაყვანებელი ადგილია.

სუტრების კალათა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გარდა ტრიპიტაკისა, არსებობს სხვა ბუდისტური ტექსტებიც. მათი კრებითი სახელია „სუტრების კალათა“, რომელიც ხუთ ნაწილად იყოფა. თითოეულ ამ ნაწილში სხვადასხვა ზომის ტექსტები შედის და ისინი აუცილებლად შემდეგი სიტყვებით იწყება: „ასე მოვისმინე მე...“. ამ ფრაზას მიაწერენ ანანდას, ბუდას საყვარელ მოწაფეს, რომელმაც ბუდას ნირვანაში გადასვლის შემდგომ მოძღვრის ქადაგებები პირველად ჩატარებულ ბუდისტურ კრებაზე გაიხსენა. ზოგიერთმა სუტრამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და შესაბამისად მათზე მრავალი განმარტება დაიწერა. ასეთია, მაგალითად, „ალმასის სუტრა“, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტებზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს სუტრა მოწმობს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი არის მაია, ანუ ილუზორულია და არარეალური. ამის გაცნობიერებით კი შესაძლებელია „სიცარიელის, განდგომილებისა და სიმშვიდის“ შენარჩუნება. ჩინეთსა და იაპონიაში პოპულარულია „უზენაესი კანონის ლოტოსის სუტრა“. მასში საუბარია ბუდას ტრანსცენდენტურობის (მიღმურობის) შესახებ, რადგან იგი წარმოდგენილია არა როგორც ისტორიული პიროვნება, არამედ მთლიანად სამყაროს არსად. ამ სუტრას ბუდიზმის ამ ქვეყნებში გავრცელებული მიმდინარების მაჰაიანას სახელმძღვანელოსაც უწოდებენ. ამ სუტრაში ასევე წინა პლანზეა წამოწეული რწმენა საყოველთაო (ყველა ადამიანის) გადარჩენის შესაძლებლობის შესახებ. იაპონური ბუდიზმისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს „ოქროსფერი სინათლის სუტრას“. მასში აღნიშნულია, რომ ბუდა ყველაში და ყველაფერში (მათ შორის ნივთებშიც) იმყოფება და რომ იგი თანაუგრძნობს ყველა ცოცხალ არსებას.

ბუდიზმი და საქართველო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ძველსაქართველოში ბუდისტთა თემის არსებობა არ დასტურდება და არც ქართული კულტურის ბუდისტურ სამყაროსთან ცოცხალი კონტაქტებია სავარაუდებელი. ამასთანავე, ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების ელიტარულ ნაწილს ადრეულ შუა საკუნეებში ამა თუ იმ გზით და ამა თუ იმ ფორმით ბუდას ცხოვრებასა და სამქადაგებლო პრაქტიკაზე წარმოდგენა ჰქონდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, მათ შორის,იაკობ ხუცესისშუშანიკის წამება“ (476-483). არსებობს თვალსაზრისი, რომ იქ ნახსენები ეთნონიმი ჰონები („მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა“) ინდოეთის მკვიდრ ხალხს „თეთრ ჰუნებს“ გულისხმობს.V საუკუნის II ნახევარში ინდოეთამდე მეფევახტანგ გორგასალმაც ჩააღწია და, სავარაუდოა, რომ მან ბუდას და ბუდისტების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ბუდიზმთან გარკვეულ კავშირს ხედავენ იმ ასკეტურ და მისტიკურ მიმართულებაში, რომელსაც გიმნოსოფისტობა, ანუ შიშველმართალობა ეწოდება და, რაც ქართულ სასულიერო მწერლობაშიც ცნობილია.

ქართული კულტურის ბუდიზმთან კონტაქტის მაგალითია შუა საუკუნეების ქრისტიანულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის - „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორია. ესაა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელშიც მოთხრობილია ინდოეთის გაქრისტიანების ამბავი. მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუ სად და რომელ ენაზე შეიქმნა ეს თხზულება. მკვლევარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ქართულ ვარიანტს, რომელსაც „სიბრძნე ბალავარისი“ ან „ბალავარიანი“ ეწოდება. ეს ძეგლი (რედაქცია) საქართველოში არაბობის დროს, VII-X საუკუნეებში, ჩამოყალიბდა და, როგორცგიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, X-XI საუკუნეებშიექვთიმე ათონელმა ბერძნულ ენაზე თარგმნა, ბერძნულიდან კი ლათინურად ითარგმნა და მთელ კულტურულ მსოფლიოში გავრცელდა.

ქართველები ინდუიზმითა და ბუდიზმით დაინტერესებული იყვნენ აღორძინების ხანაშიც და მომდევნო საუკუნეებშიც. ამას ადასტურებსXVII-XVIII საუკუნეების ანონიმი საზღაპრო მოთხრობა „დაფნის ქალაქის ამბავი“ და ის ლიტერატურული წყაროები, რაცსულხან საბა-ორბელიანის იგავ-არაკთა კრებულსა და აღნიშნული ეპოქის სხვა სამოძღვრო-დიდაქტიკურ ნაწარმოებებს უდევს საფუძვლად. ბუდისტურ ლიტერატურაზე, ცხოვრების წესსა და ფილოსოფიაზე ბევრს წერდნენ და მის მიმართ სიმპათიებსაც გამოხატავდნენXIX-XX საუკუნეების ცნობილი ქართველი მოაზროვნეები და პუბლიცისტები:არჩილ ჯორჯაძე,ივანე გომართელი დაივანე როსტომაშვილი. დღეს საქართველოში,თბილისში, ბუდისტების მცირე ჯგუფი არსებობს.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ონიკაშვილი დ., ჯაში მ., მსოფლიო რელიგიები, თბილისი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2011. — გვ. 247-285.
  • Hayes, Richard P. (2013), „The Internet as Window onto American Buddhism“, American Buddhism: Methods and Findings in Recent Scholarship, Routledge
  • Henderson, Carol E. (2002), Culture and Customs of India, Greenwood Publishing Group
  • Hill, John E. (2009), Through the Jade Gate to Rome: A Study of the Silk Routes during the Later Han Dynasty, 1st to 2nd Centuries CE, Charleston, South Carolina: BookSurge, ISBN 978-1-4392-2134-1
  • Lamb, Christopher (2001), „Cosmology, myth and symbolism“, Harvey, Peter, Buddhism, Bloomsbury Publishing
  • Matthews, Bruce (1986), „Post-Classical Developments In The Concepts of Karma and Rebirth in Theravada Buddhism“, Ronald W. Neufeldt, Karma and rebirth: Post-classical developments, SUNY
  • McFarlane, Stewart (2001), „Making Moral Decisions“, Peter Harvey, Buddhism, Continuum, ISBN 978-0-8264-5350-1
  • Mitchell, Donald W. (2002), Buddhism: introducing the Buddhist experience, Oxford University Press, ISBN 978-0-19-513951-8
  • Nattier, Jan (2003), A Few Good Men: The Bodhisattva Path according to The Inquiry of Ugra (Ugrapariprccha), University of Hawai'i Press, ISBN 978-0-8248-2607-9

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Buddhists. Global Religious Landscape. Pew Research Center (18 December 2012). ციტირების თარიღი: 13 March 2015
  2. „Christianity 2015: Religious Diversity and Personal“
  3. Lopez, Donald S. Jr. (2001), The Story of Buddhism, HarperCollins, p. 239.
  4. Harvey, Peter (2019). „Buddhism and Monotheism“, p. 1. Cambridge University Press.
  5. Kapstein, Matthew T.The Buddhist Refusal of Theism, Diogenes 2005; 52; 61.
  6. Immediate Family of the Buddha. Sections 3. Maha Pajapati Gotami, and 4.Yasodhara. by Radhika Abeysekera.
  7. Vogel, Jean Philippe; Barnouw, Adriaan Jacob (1936)Buddhist Art in India, Ceylon, and Java. Asian Educational Services, გვ. 70–71. 
  8. Buswell, Robert E; Lopez, Donald S. The Princeton Dictionary of Buddhism, pp. 230-233. Princeton University Press, Nov 24, 2013.
  9. AL Basham (1951), History and Doctrines of the Ajivikas – a Vanished Indian Religion, Motilal Banarsidass,ISBN978-81-208-1204-8, pp. 94–103
  10. Лестер Р. Ч. Буддизм / пер. А. Н. Коваль // Религиозные традиции мира. Т. 2. — М.: КРОН-ПРЕСС, 1996. — С. 272.
  11. Vetter, Tilmann (1988). The Ideas and Meditative Practices of Early Buddhism, pp. 11–14.
  12. Harvey, Peter (2000), An Introduction to Buddhist Ethics: Foundations, Values and Issues, Cambridge University Press, p. 67.
  13. Horner (1975),The minor anthologies of the Pali canon, p. 97. Regarding Metteyya, Bv XXVII, 19: „I [Gautama Buddha] at the present time am the Self-Awakened One, and there will be Metteyya....“
  14. არჰატი, ენციკლოპედია ბრიტანიკა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბუდიზმი&oldid=4891433“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp